ჰუმანითი ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების სოციალურ პროექტში ერთვება

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით და კომპანია ჰუმანითის მხარდაჭერით დაიწყო ახალი  სოციალური პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას,  თბილისის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სალაშქრო ტურისტული ინფრასტრუქტურის გამართვას, ქალაქგარე  აქტივობას, სოციალურად დაუცველ ბავშვთა გახალისებასა და გააქტიურებას, მოზარდთა ცხოვრების მრავალფეროვნების უზრუნველყოფას და სპორტული აქტივობებისადმი ინტერესის ამაღლებას.

ახალგაზრდებმა მონაწილეობა მიიღეს ლაშქრობებსა და სპორტულ-შემეცნებით აქტივობებში.

პირველი ლაშქრობა 14 აგვისტოს გაიმართა.  მოლაშქრეების პირველმა ნაკადმა (100 მონაწილე) კუს ტბიდან დანიშნულების ადგილამდე 4 კილომეტრი გაიარა. პროექტის ბენეფიციარებს კომპანია “ჰუმანითი ჯორჯიასგან” პირველადი მოხმარების მედიკამენტები და საოჯახო სააფთიაქო ჩანთები დაურიგდათ

პროგრამის ბენეფიციარები არიან თბილისში რეგისტრირებული 14-დან 29-წლამდე ახალგაზრდები, სოციალურ ზღვარს მიღმა სტატუსის მქონე ახალგაზრდები და ლაშქრობით დაინტერესებული პირები.

სამინისტრომ მონაწილეებისთვის უზრუნველყო მგზავრობა კომფორტული ტრანსპორტით თბილისიდან განთავსების ადგილამდე და უკან, ერთჯერადი კვება, პირველადი სამედიცინო დახმარება და სხვადასხვა სპორტული აქტივობები : გრეხეთბოლი; ფრენბურთი; რაგბი; ბადბინტონი; ქუჩის ფეხბურთი; დარცი და ბევრი სხვა.