დექსამეტაზონი-ჰუმანითი

სავაჭრო დასახელება

დექსამეტაზონი-ჰუმანითი

საერთაშორისო არაპატერნტირებული დასახელება

დექსამეტაზონი

სამკურნალწამლო ფორმა

საინექციო ხსნარი

შემადგენლობა

1 მლ ხსნარი შეიცავს:

აქტიურ ნივთიერებას - დექსამეტაზონ ნატრიუმის ფოსფატს, 4მგ დექსამეტაზონის ფოსფატის ექვივალენტური რაოდენობით

დამხმარე ნივთიერებებს: ნატრიუმის ბისულფატს, პროპილენგლიკოლს, დინატრიუმის ჰიდროგენ ფოსფატის დოდეკაჰიდრატს, საინექციო წყალს.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

სისტემური გამოყენების კორტიკოსტეროიდები, გლუკოკორტიკოიდები

ათქ კოდი: H02AB02


ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოკინეტიკა

დექსამეტაზონის ინექციის შემდეგ დექსამეტაზონის ნატრიუმის ფოსფატი განიცდის სწრაფ ჰიდროლიზს და გარდაიქმნება დექსამეტაზონად. 20 მგ დექსამეტაზონის ინექციის შემდეგ პლაზმის კონცენტრაცია პიკს 5 წუთში აღწევს. დექსამეტაზონი უკავშირდება (77%-მდე) პლაზმის ცილებს, ძირითადად - ალბუმინს. დექსამეტაზონი დიდი ოდენობით გროვდება ღვიძლში, თირკმლებსა და თირკმელზედა ჯირკვლებში. მეტაბოლიზმი ღვიძლში ნელია, ხოლო გამოყოფა, ძირითადად, შარდით ხდება, უმეტესწილად - არაკონიუგირებული სტეროიდების სახით.

პლაზმიდან ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 3.5-4.5 საათს, მაგრამ პრეპარატის მოქმედების ხანგრძლივობა აჭარბებს სტეროიდების მნიშვნელოვან კონცენტრაციებს პლაზმაში, შესაბამისად უფრო მნიშვნელოვანია ბიოლოგიური ნახევარგამოყოფის პერიოდი. დექსამეტაზონის ბიოლოგიური ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 36-54 საათს, შესაბამისად, დექსამეტაზონი განსაკუთრებით ეფექტურია ისეთ შემთხვევებში, როდესაც სასურველია უწყვეტი გლუკოკორტიკოსტეროიდული მოქმედება.

ფარმაკოდინამიკა

ადრენოკორტიკოიდები ახდენენ ანტიალერგიულ, ანტიტოქსიურ, სიცხის დამწევ და იმუნოსუპრესიულ მოქმედებას. დექსამეტაზონს გააჩნია უმნიშვნელო მინერალოკორტიკოიდული თვისებები და, ამიტომ, მისი მიღება არ იწვევს წყლისა და ნატრიუმის შეკავებას.

ჩვენებები

  • სხვადასხვა წარმოშობის შოკი;
  • ინტრაკრანიალური ჰიპერტენზია (ტრავმა, ნეიროქირურგიული ჩარევა, ინსულტი, ენცეფალიტი, მენინგიტი, სხივური დაზიანება);
  • ასთმური მდგომარეობა; ბრონქოსპაზმი, ლარინგოსპაზმი
  • მძიმე ალერგიული რეაქციები (ანგიონევროზული შეშუპება, ბრონქოსპაზმი, დერმატოზები, მწვავე ანაფილაქსიური რეაქცია, პიროგენული რეაქციები);
  • მწვავე ჰემოლიზური ანემია, თრომბოციტოპენია, მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემია, აგრანულოციტოზი;
  • მძიმე ინფექციური დაავადებები (ანტიბიოტიკებთან ერთად);
  • თირკმელზედა ჯირკვლის მწვავე უკმარისობა;
  • ძვალ-სახსროვანი სისტემის დაავადებები (პერიართრიტი, ეპიკონდილიტი, სტილოიდიტი, ბურსიტი, ტენდოვაგინიტი,, კომპრესიული ნეიროპათია, ოსტეოქონდრზი, სხვადასხვა ეტიოლოგიის ართრიტი, ოსტეოართროზი).

დოზირება და მიღების წესი

დოზირება

ზოგადად, გლუკოკორტიკოიდების დოზირება დამოკიდებულია პათოლოგიური მდგომარეობის სიმძიმესა და პაციენტის საპასუხო რეაქციაზე. გარკვეულ გარემოებებში, მაგალითად სტრესის შემთხვევაში, შეიძლება აუცილებელი გახდეს დოზების დამატებით კორექტირება. თუ ორი დღის განმავლობაში მოსალოდნელი ეფექტი არ აღინიშნება, გლუკოკორტიკოიდული თერაპია უნდა შეწყდეს.

მოზრდილები და ხანდაზმულები

დაავადების კონტროლის მიღწევის შემდეგ დოზა უნდა შემცირდეს ან ნელ-ნელა მოიხსნას უმცირეს საჭირო დონემდე პაციენტის უწყვეტი მონიტორინგისა და დაკვირვების პირობებში.

სიცოცხლისათვის საშიშ მწვავე მდგომარეობაში (მაგ.: ანაფილაქსია, გამწვავებული ასთმა) შეიძლება საჭირო გახდეს გაცილებით მაღალი დოზების დანიშვნა. ცერებრალური შეშუპება (მოზრდილები): საწყისი დოზა 8-16 მგ ინტრავენურად, შემდეგ კი 4მგ ინტრავენურად ან კუნთში ყოველ 6 საათში ერთხელ, გაუმჯობესების დადგომამდე. თავის ტვინზე ჩატარებული ქირურგიული ოპერაციების შემთხვევაში ასეთი დოზები შეიძლება საჭირო გახდეს ოპერაციიდან რამდენიმე დღის განმავლობაში. შესაბამისად, დოზა ნელ-ნელა უნდა იქნას შემცირებული. ტვინის სიმსივნით გამოწვეული ინტრაკრანიალური ჰიპერტენზიის შემთხვევაში ინიშნება ხანგრძლივი მკურნალობა.

ადგილობრივი მკურნალობისთვის რეკომენდებულია შემდეგი დოზები:

 

•  სახსარშიდა

1,6-3 მგ მსხვილი სახსრები,

0,6-0,8 მგ წვრილი სახსრები

•  სინოვიალურად

1,6-3 მგ

• მყესის გარსში

0,3-0,8 მგ.

 

აღნიშნული ინექციების სიხშირე მერყეობს: მინიმალური სიხშირე ყოველი 3-5 დღეში ერთხელ, ხოლო მაქსიმალური- ყოველ 2-3 კვირაში ერთხელ.

წყლულოვანი კოლიტის შემთხვევაში, ინიშნება რექტალური წვეთოვნის სახით: პრეპარატის 4 მგ იხსნება 120 მლ ფიზიოლოგიურ სნარში.

ბავშვებისთვის რეკომენდებული დოზები

დოზის შერჩევა ხდება ინდივიდუალურად პაციენტის მდგომარეობისა და დაავადების სიმძიმის გათვალისწინებით. საერთო სარეკომენდაციო დღიური დოზები მერყეობს 0.2 მგ/კგ-დან  სხეულის წონაზე - 0.4 მგ/კგ-მდე სხეულის წონაზე.

მიღების წესი

დექსამეტაზონის ინექციები კეთდება ინტრავენურად, კანქვეშ, კუნთში, ადგილობრივი ინექციის ან რექტალური ოყნის სახით. ინტრავენური ინფუზიისთვის: იხ. თავსებადობა საინფუზიო ხსნარებთან. ინტრავენური მიღების შედეგად შესაძლებელია პლაზმაში მაღალი კონცენტრაციის სწრაფი მიღწევა.

გლუკოკორტიკოიდების დიდი დოზების სწრაფმა ინტრავენურმა მიღებამ შეიძლება ზოგჯერ გულ-სისხლძარღვთა სისტემის მწვავე უკმარისობა გამოიწვიოს; შესაბამისად რეკომენდებულია პრეპატის შეყვანა ნელი ინექციის სახით, რამდენიმე წუთის განმავლობაში. სახსარშიდა ინექცია უნდა გაკეთდეს მხოლოდ მკაცრი ასეპტიური პირობების გათვალისწინებით.

გვერდითი მოვლენები

პროგნოზირებადი გვერდითი მოვლენების სიხშირე და სიმძიმე (მათ შორის ჰიპოთალამურ-პიტუიტარულ-ადრენალური სუპრესია) დამოკიდებულია წამლის დოზაზე, მიღების დროზე და მკურნალობის ხანგრძლივობაზე.

ადგილობრივი გვერდითი რეაქციები:

პოსტინექციური ჰიპერემია და სახსრის უმტკივნეულო დესტრუქცია შარკოს ართროპათიის მსგავსად, განსაკუთრებით განმეორებითი სახსარშიდა ინექციების შემთხვევაში.

კორტიკოსტეროიდების ადგილობრივი ინექციის შემთხვევაში შესაძლებელია სისტემური ეფექტის განვითარება.

ენდოკრინული/მეტაბოლური

ჰიპოთალამურ-პიტუიტარულ-ადრენალური სისტემის სუპრესია, ნაადრევი ეპიფიზარული დახურვა, ზრდის დათრგუნვა ჩვილებში, ბავშვებსა და მოზარდებში, მენსტრუალური ციკლის დარღვევები და ამენორეა. კუშინგოიდური სახე, ჰირსუტიზმი, წონის მატება, ნახშირწყლების ათვისების დარღვევა, რაც ზრდის ანტიდიაბეტური მკურნალობის საჭიროებას. ცილებისა და კალციუმის უარყოფითი ბალანსი. მომატებული მადა.

ანთების საწინააღმდეგო და იმუნოსუპრესიული ეფექტები

ინფექციებისადმი წინასწარგანწყობის და ინფექციური დაავადებების სიმძიმის ზრდა კლინიკური სიმპტომების და ნიშნების სუპრესიით. იმუნური პასუხის შემცირება. ოპორტუნისტული ინფექციები, ფარული ტუბერკულოზის რეციდივი და დაქვეითებული რეაქცია ვაქცინაციასა და კანის ტესტებზე.

ძვალკუნთოვანი

ოსტეოპოროზი, მალების და გრძელი ძვლების მოტეხილობები, ასეპტიური ოსტეონეკროზი, მყესების გაწყვეტა. პროქსიმალური მიოპათია.

სითხისა და ელექტროლიტების შემცველობის დარღვევა

ნატრიუმისა და წყლის შეკავება, ჰიპერტენზია, კალიუმის დაკარგვა, ჰიპოკალემიური ალკალოზი.

ფსიქონევროლოგიური

ფსიქიატრიული რეაქციების ფართო დიაპაზონი, მათ შორის აფექტური აშლილობები (გაღიზიანებადობა, ეიფორია, დეპრესიული და ლაბილური გუნებაგანწყობა, სუიციდალური აზრები), ფსიქოზური რეაქციები (მანია, ჰალუცინაციები და შიზოფრენიის გამწვავება), ქცევითი აშლილობები, აგზნებადობა, ძილის დარღვევები და კოგნიტიური დისფუნქცია, მათ შორის გონების დაბინდვა და ამნეზია.

რეაქციები ხშირია და შეიძლება განვითარდეს როგორც მოზრდილებში, ისე ბავშვებში. მოზრდილებში მწვავე რეაქციების სიხშირემ შეადგინა 5-6%. ფსიქოლოგიური ეფექტები აღინიშნა კორტიკოსტეროიდების მიღების შეწყვეტის შემდეგ; სიხშირე უცნობია.

ინტრაკრანიალური ჰიპერტენზია მხედველობის ნერვის დვრილის შეშუპებით (pseudotumour cerebri) აღინიშნებოდა ბავშვებში მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ. ეპილეფსიის გამწვავება. ფსიქოლოგიური დამოკიდებულება.

თვალები

თვალის შიდა წნევის მატება, გლაუკომა, მხედველობის ნერვის დვრილის შეშუპება, უკანა სუბკაფსულარული კატარაქტა, რქოვანას ან სკლერას გათხელება და თვალის ვირუსული ან სოკოვანი დაავადებების გართულება.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტი

დისპეპსია, კუჭის წყლული პერფორაციით და სისხლდენით, მწვავე პანკრეატიტი, კანდიდოზი.

დერმატოლოგიური

შეხორცების დარღვევა, კანის ატროფია, სისხლჩაქცევები, ტელეანგიექტაზია, სტრიები, გაძლიერებული ოფლიანობა და აკნე.

ზოგადი

აღინიშნა მომატებული მგრძნობელობა, მათ შორის ანაფილაქსია. ლეიკოციტოზი. თრომბოემბოლია.

წვის და ჩხვლეტის დროებითი შეგრძნება, ძირითადად პერინეალურ ზონაში, კორტიკოსტეროიდული ფოსფატების დიდი დოზების ინტრავენური ინექციის შემდეგ.

მკურნალობის შეწყვეტის სიმპტომები და ნიშნები

ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ კორტიკოსტეროიდების დოზების ძალიან სწრაფად შემცირებამ შეიძლება გამოიწვიოს მწვავე ადრენალური უკმარისობა, ჰიპოტენზია და სიკვდილი.

ასევე შეიძლება განვითარდეს „აბსტინენციის სინდრომი“, მათ შორის სხეულის მაღალი ტემპერატურა, მიალგია, რინიტი, კონიუნქტივიტი, კანის მტკივნეული კვანძები ქავილით და წონაში კლება.

უკუჩვენებები

  • სისტემური ინფექცია, თუ არ ტარდება სპეციალური ანტიინფექციური მკურნალობა.
  • მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ.
  • გლუკოკორტიკოიდის ადგილობრივი ინექცია ბაქტერემიის და სისტემური სოკოვანი ინფექციების დროს, სახსრების არასტაბილურობა, ინექციის ადგილის ინფიცირება, მაგ.: სეპტიკური ართრიტი, რომელსაც იწვევს გონორეა ან ტუბერკულოზი.

წამლებთან ურთიერთქმედება

რიფამპიცინი, რიფაბუტინი, ეფედრინი, კარბამაზეპინი, ფენილბუტაზონი, ფენობარბიტალი, ფენიტოინი, პრიმიდონი და ამინოგლუტეთიმიდი აძლიერებენ დექსამეტაზონის მეტაბოლიზმს და მისი თერაპიული მოქმედება შეიძლება შემცირდეს.

კორტიკოსტეროიდები ავლელენ ანტიქოლინესთერაზას ანტაგონისტურ მოქმედებას მიასთენიის შემთხვევაში.

ჰიპოგლიკემური ნივთიერებების (მათ შორის ინსულინის), ანტი-ჰიპერტენზიული საშუალებების, საგულე გლიკოზიდების და დიურეტიკების სასურველი მოქმედება ითრგუნება კორტიკოსტეროიდებით, ხოლო აცეტაზოლამიდის, მარყუჟოვანი დიურეტიკების, თიაზიდური დიურეტიკების და კარბენოქსოლონის ჰიპოკალემიური მოქმედება ძლიერდება.

კუმარინული ანტიკოაგულანტების ეფექტურობა შეიძლება გაიზარდოს კორტიკოსტეროიდებთან ერთდროული მკურნალობის დროს და საჭიროა INR მაჩვენებლის ან პროთრომბინის დროის უწყვეტი მონიტორინგი უეცარი სისხლდენის პრევენციის მიზნით.

კორტიკოსტეროიდები ზრდიან სალიცილატების რენალურ კლირენსს და სტეროიდების შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს სალიცილატური ინტოქსიკაცია. სალიცილატებთან ურთიერთქმედება შესაძლებელია ჰიპოპროთრომბინემიის შემთხვევაში.

სპეციალური მითითებები

პოსტ-მარკეტინგულ კვლევების დროს, ძალიან იშვიათად აღინიშნა სიმსივნის ლიზისის სინდრომი (Tumor Lysis syndrome (TLS)) ჰემატოლოგიური ავთვისებიანი სიმსივნეების შემთხვევაში, დექსამეტაზონით მონოთერაპიისას ან სხვა ქიმიოთერაპიულ საშუალებებთან ერთდროული მიღების შემდეგ. მაღალი TLS რისკის პაციენტებში აუცილებელია უწყვეტი მონიტორინგი და უსაფრთხოების წინასწარი ზომების მიღება.

საჭიროა პაციენტების და/ან მომვლელების გაფრთხილება, რომ სისტემური სტეროიდების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს მწვავე ფსიქიატრიული გვერდითი რეაქციები. სიმპტომები, ჩვეულებრივ, ჩნდება მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე დღეში ან კვირაში. რისკები იზრდება მაღალი სისტემური დოზების შემთხვევაში, თუმცა, დოზების ოდენობა არ გვაძლევს რეაქციების დაწყების, სიმძიმის ან ხანგრძლივობის პროგნოზირების შესაძლებლობას. რეაქციების უმრავლესობა ქრება დოზის შემცირების ან შეწყვეტის შემდეგ, თუმცა, შეიძლება აუცილებელი იყოს სპეციალური მკურნალობის ჩატარება. პაციენტებმა/მომვლელებმა აუცილებლად უნდა გაიარონ სამედიცინო კონსულტაცია ფსიქოლოგიური სიმპტომების გაჩენისას, განსაკუთრებით, თუ არსებობს ეჭვი დეპრესიულ გუნებაგანწყობაზე ან სუიციდალურ აზრებზე.

ასევე შესაძლებელია ფსიქიატრიულ აშლილობების განვითარება სისტემური სტეროიდების დოზების შემცირების/შეწყვეტის დროს ან შემცირების/შეწყვეტისთანავე.

განსაკუთრებული სიფრთხილე საჭიროა თუ სისტემური კორტიკოსტეროიდები ენიშნება იმ პაციენტებს, რომლებსაც ან რომელთა პირველი ხარისხის ნათესავებს აღენიშნებათ ან აღენიშნებოდათ მწვავე აფექტური აშლილობები, მათ შორის, დეპრესიული, მანიაკალურ-დეპრესიული დაავადება ან სტეროიდული ფსიქოზი.

არასასურველი ეფექტების შემცირება შესაძლებელია მკურნალობის მინიმალური ხანგრძლივობის დაცვით და უმცირესი ეფექტური დოზის გამოყენებით დღეში ერთჯერადად ან დღე-გამოშვებით. დოზის ტიტრაციისათვის აუცილებელია პაციენტის ხშირი შემოწმება.

გლუკოკორტიკოსტეროიდების პარენტერალური მიღების შემდეგ რამდენჯერმე აღინიშნა სერიოზული ანაფილაქტოიდური რეაქციები, როგორიცაა ხორხის შეშუპება, ურტიკარია და ბრონქოსპაზმი, განსაკუთრებით ალერგიულ პაციენტებში. ამგვარი ანაფილაქტოიდური რეაქციების განვითარების შემთხვევაში მიღებული უნდა იქნას შემდეგი ზომები: 0.1 – 0.5 მლ ადრენალინის (1:1000: 0.1 - 0.5 მგ ადრენალინის ხსნარი სხეულის წონის მიხედვით) დაუყოვნებლივი ნელი ინექციის სახით, ამინოფილინის ინტრავენური მიღება და, საჭიროების შემთხვევაში, ხელოვნური სუნთქვა.

რანდომიზებული, პლაცებო-კონტროლირებადი კვლევის შედეგები მეტყველებს სიკვდილიანობის ზრდაზე, თუ მეთილპრედნიზოლონის თერაპია იწყება მწვავე რესპირატორული დისტრეს-სინდრომის (ARDS) დაწყებიდან ორ კვირაზე მეტი ხნის შემდეგ. შესაბამისად, ARDS მკურნალობა კორტიკოსტეროიდებით უნდა დაიწყოს ARDS დაწყებიდან პირველი ორი კვირის განმავლობაში.

დღენაკლული ახალშობილები:

არსებული მტკიცებულებები მეტყველებს გრძელვადიან ფსიქო-მოტორულ არასასურველ ეფექტებზე ფილტვების ქრონიკული დაავადების მქონე დღენაკლულ ახალშობილებში დექსამეტაზონით ადრეული (<96 სთ) მკურნალობისას საწყისი დოზით 0.25 მგ/კგ დღეში ორჯერ.

დექსამეტაზონით მკურნალობის  შეწყვეტა

ხანგრძლივი მკურნალობის დროს ვითარდება ადრენალურ-კორტიკული ატროფია და, მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ, შეიძლება წლების განმავლობაში გაგრძელდეს. ამიტომ, კორტიკოსტეროიდების შეწყვეტა ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ ყოველთვის საფეხურეობრივად უნდა მოხდეს მწვავე ადრენალური უკმარისობის პრევენციის მიზნით - დოზა ნელ-ნელა უნდა შემცირდეს კვირეების ან თვეების განმავლობაში, მკურნალობის დღიური დოზების და ხანგრძლივობის მიხედვით.

პაციენტებში, რომლებსაც მიღებული აქვთ სისტემური კორტიკოსტეროიდების მაღალი დოზები  3 კვირაზე ხანგრძლივად, შეწყვეტა მკვეთრად არ უნდა მოხდეს. მაღალი დოზის შემცირება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად შესაძლებელია დაავადების განახლება სისტემური კორტიკოსტეროიდების დოზის შემცირებისას. თუ დაავადების განმეორების ალბათობა დაბალია სისტემური კორტიკოსტეროიდების შეწყვეტისას, მაგრამ ზუსტად არ არის ცნობილი HPA სუპრესიის შესახებ, სისტემური კორტიკოსტეროიდის დოზა სწრაფად შეიძლება შემცირდეს ფიზიოლოგიურ დოზამდე. დღეში 1 მგ დექსამეტაზონის დოზის მიღწევის შემდეგ დოზა ნელ-ნელა უნდა შემცირდეს HPA-სისტემის აღდგენის მიზნით.

სისტემური კორტიკოსტეროიდული მკურნალობის მკვეთრი შეწყვეტა, თუ მკურნალობა გრძელდებოდა 3 კვირამდე, შესაძლებელია, თუ ითვლება, რომ დაავადება არ განმეორდება. 3 კვირის განმავლობაში დექსამეტაზონის 6 მგ-მდე დღიური დოზით მკურნალობის შემდეგ მკვეთრი შეწყვეტისას ნაკლებად სავარაუდოა კლინიკურად მნიშვნელოვანი HPA-სისტემის სუპრესიის განვითარება.

კორტიკოსტეროიდული მკურნალობის საფეხურეობრივი შეწყვეტა უნდა მოხდეს პაციენტების შემდეგ ჯგუფებში (იმ შემთვევაშიც კი, თუ მკურნალობის კურსი იყო 3 კვირაზე ნაკლები):

  • კორტიკოსტეროიდების მიღება აღემატებოდა 3 კვირას ან მკურნალობის რამდენიმე კურსის ჩატარების შემთხვევაში.
  • როდესაც მკურნალობის მოკლევადიანი კურსი იქნა დანიშნული გრძელვადიანი თერაპიის (თვეები ან წლები) შეწყვეტიდან ერთი წლის განმავლობაში.
  • პაციენტები ადრენოკორტიკალური უკმარისობის განვითარების სხვა მიზეზით, გარდა ეგზოგენური კორტიკოსტეროიდული თერაპიისა.
  • პაციენტები, რომლებიც იღებენ დღეში დექსამეტაზონს დოზით>6 მგ.
  • პაციენტები, რომლებიც იყენებენ პრეპარატს დღეში ორჯერ.

ხანგრძლივი თერაპიის დროს ყველა დაავადება, ტრავმა ან ქირურგიული პროცედურა დოზის დროებით გაზრდას მოითხოვს; თუ კორტიკოსტეროიდების მიღება შეწყდა ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ, შეიძლება საჭირო გახდეს მათი კვლავ დროებითი დანიშვნა.

პაციენტებმა უნდა ატარონ „სტეროიდებით მკურნალობის“ ბარათი, რომლის საშუალებით შესაძლებელია რისკების შემცირება და რომელშიც  მითითებულია ინფორმაცია მკურნალი ექიმის, წამალის დასახელების, დოზისა და მკურნალობის ხანგრძლივობის შესახებ.

ანთების საწინააღმდეგო/იმუნოსუპრესიული ეფექტები და ინფექცია

ანთებითი პასუხის და იმუნური ფუნქციის სუპრესია ზრდის ინფექციებისადმი წინასწარგანწყობას და მათი სიმწვავის ხარისხს. კლინიკური სურათი ხშირად შეიძლება ატიპიური იყოს და მოხდეს ისეთი სერიოზული ინფექციების, როგორიცაა სეპტიცემია და ტუბერკულოზი, შენიღბული გამწვავება.

საჭიროების შემთხვევაში გლუკოკორტიკოიდულ თერაპიასთან ერთად უნდა დაინიშნოს შესაბამისი ანტიბაქტერიული მკურნალობა (მაგ.: ტუბერკულოზის, თვალის ვირუსული და სოკოვანი ინფექციების შემთხვევაში).

ჩუტყვავილა განსაკუთრებით საყურადღებოა, რადგან ეს, ჩვეულებრივ მსუბუქი დაავადება, შეიძლება ფატალური აღმოჩნდეს იმუნოსუპრესიის ფონზე. პაციენტებს (ან ბავშვების მშობლებს), ჩუტყვავილას ზუსტი ისტორიის გარეშე, უნდა ურჩიონ, თავი აარიდონ მჭიდრო პირად კონტაქტს ჩუტყვავილასთან ან ჰერპეს ზოსტერთან, ხოლო კონტაქტის შემთხვევაში სასწრაფოდ უნდა მიმართონ ექიმს. აუცილებელია პასიური იმუნიზაცია ჩუტყვავილას იმუნოგლობულინით (varicella zoster immunoglobulin (VZIG)) არაიმუნიზირებულ პაციენტებში, რომლებიც სისტემურ კორტიკოსტეროიდებს იღებენ ან იღებდნენ წინა სამი თვის განმავლობაში; მათი მიღება მიზანშეწონილია ჩუტყვავილასთან კონტაქტიდან 10 დღის ვადაში. თუ ჩუტყვავილას დიაგნოზი დადასტურებულია, დაავადება საჭიროებს სპეციალისტის მომსახურებას და გადაუდებელ მკურნალობას. კორტიკოსტეროიდების მიღება არ უნდა შეწყდეს და შეიძლება საჭირო გახდეს დოზის გაზრდა.

წითელა: პაციენტებს უნდა ურჩიონ, განსაკუთრებულად მოერიდონ წითელასთან კონტაქტს, ხოლო კონტაქტის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართონ ექიმს; შეიძლება საჭირო გახდეს საჭირო ნორმალური იმუნოგლობულინის გაკეთება.

ცოცხალი ვაქცინები არ გამოიყენება პირებში დარღვეული იმუნური პასუხით. შეიძლება შემცირდეს იმუნური პასუხი სხვა ვაქცინაციაზე.

უსაფრთხოების სპეციალური ზომები

სისტემური კორტიკოსტეროიდები ინიშნება სიფრთხილით შემდეგ შემთხვევაბში (აუცილებელია პაციენტის ხშირი მონიტორინგი):

  • ოსტეოპოროზი (განსაკუთრებული რისკი - ქალები პოსტ-მენოპაუზის პერიოდში).
  • ჰიპერტენზია ან გულის  უკმარისობა.
  • მწვავე აფექტური აშლილობები ამჟამად ან ანამნეზში (განსაკუთრებით, სტეროიდული ფსიქოზი ანამნეზში).
  • შაქრიანი დიაბეტი (ან დიაბეტის ოჯახური ანამნეზი).
  • ტუბერკულოზის ანამნეზი, რადგან გლუკოკორტიკოიდებმა შეიძლება მისი აქტივაცია გამოიწვიონ.
  • გლაუკომა (ან გლაუკომის ოჯახური ანამნეზი).
  • კორტიკოსტეროიდებით გამოწვეული მიოპათია ანამნეზში.
  • ღვიძლის უკმარისობა.
  • თირკმლის უკმარისობა.
  • ეპილეფსია.
  • გასტროინტესტინალური წყლული.
  • შაკიკი.
  • გარკვეული პარაზიტული ინვაზია, განსაკუთრებით ამებიაზი.
  • არასრული ზრდა, რადგან კორტიკოსტეროიდების ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება დააჩქაროს ეპიფიზარული დახურვა.
  • კუშინგის სინდრომი.

ისეთი პათოლოგიების მკურნალობისას, როგორიცაა ტენდინიტი ან ტენოსინოვიტი, საჭიროა სიფრთხილე, როდესაც ინექცია კეთდება მყესის გარსისა და მყესს შორის სივრცეში,  მყესის გაწყვეტის პროფილაქტიკის მიზნით.

ბავშვები

კორტიკოსტეროიდები იწვევენ დოზასთან დაკავშირებულ ზრდის შეფერხებას ჩვილებში, ბავშვებსა და მოზარდებში, რაც შეიძლება შეუქცევადი აღმოჩნდეს.

დექსამეტაზონი გამოყენებული იქნა დღენაკლულ ჩვილებში ფილტვების ქრონიკული დაავადების პროფილაქტიკასა და მკურნალობისათვის.

კლინიკურმა კვლევებმა დაადასტურა ასეთი მკურნალობის ხანმოკლე დადებითი ეფექტი, მაგრამ არ დაუდასტურებია ხანგრძლივი დადებითი ეფექტი სტაციონარში ყოფნის პერიოდზე, მომავალში ფილტვების ქრონიკული დაავადებების განვითარებასა თუ სიკვდილიანობაზე. ბოლო კვლევებმა დაადასტურა კავშირი დღენაკლულ ჩვილებში დექსამეტაზონის გამოყენებისა და ცერებრალური დამბლის განვითარებას შორის. ამ რისკების გათვალისწინებით, სტეროიდებით მკურნალობის წინ ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში უნდა მოხდეს რისკისა და სარგებლის შეფასება.

ხანდაზმული პაციენტები

სისტემური კორტიკოსტეროიდების მკურნალობისას ხნიერ პაციენტებში უფრო მეტია გვერდითი ეფექტები განვითარების რისკი, განსაკუთრებით ოსტეოპოროზი, ჰიპერტენზია, ჰიპოკალემია, დიაბეტი, წინასწარგანწყობა ინფექციებისადმი და კანის გათხელება. სიცოცხლისათვის საშიში რეაქციების პრევენციისთვის აუცილებელია უწყვეტი კლინიკური კონტროლი.

დოზის გადაჭარბება

რთულია კორტიკოსტეროიდების ჭარბი დოზის განსაზღვრა, რადგან ძალიან ფართეა თერაპიული დოზების დიაპაზონი სხვადასხვა დაავადებების მკურნალობისას. კორტიკოსტეროიდების მასიური ინტრავენური დოზების იმპულსური შეყვანა გადაუდებელ სიტუაციებში შედარებით უსაფრთხოა დოზის გადაჭარბების თვალსაზრისით.

შეიძლება განვითარდეს კორტიკოსტეროიდებთან დაკავშირებული არასასურველი ეფექტების გაძლიერება.

ჭარბი დოზირებისას ტარდება სიმპტომური და შემანარჩუნებელი მნკურნალობა.

შეფუთვა:

1 მლ-იანი შუშის ამპულები, 10 ამპულა მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

შენახვის პირობები

ინახება ორიგინალ შეფუთვაში არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე. ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.

ვარგისობის ვადა:

36 თვე

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II- გამოიყენება ექიმის დანიშნულებით.

მწარმოებელი

Grand Pharmaceutical (China) Co., Ltd., ჩინეთი

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი

სს „ჰუმანითი ჯორჯია“., საქართველო